ომის დასრულებაა საჭირო, თორემ რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რამდენიმე თაობაც არ ეყოფა წამოდგომისთვის - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.მან სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, ომის დაწყების დღიდან დაიღუპა 14 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო ათობით ათასი დაშავდა და მან რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
„როგორც წესი, ასეთ დროს ვამბობდით – გაზაფხული მოვიდა; ახლა კი ვამბობთ – ომი მოვიდა. მაგრამ ჩვენ მაინც დავამარცხებთ ყველას, რადგან თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ერი ვართ.
ასეთია ომის ფასი. ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.