უკრაინის ციხეებში მყოფი ქართველი პატიმრები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ
,,ყურადღება მოგვაქციეთ, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა საფრთხეშია და უსაფრთხოების დაცვას ვერავინ უზრუნველყოფს"- კიევში, ლუკიანოვკას ციხეში, მყოფი 100-მდე ქართველი პატიმარი ხელისუფლებას დახმარების თხოვნთ მიმართავს.
კიევის და სხვა ქალაქების ციხეებში- იქ, სადაც ინტენსიური საჰაერო იერიშებია, სასჯელს საქართველოს ათობით მოქალაქე იხდის. მათთან კომუნიკაციას ოჯახის წევრები ბოლო რამდენმე დღეა, ვეღარც ახერხებენ.
საომარი მოქმედბების ეპიცენტრში მყოფი პატიმრების ოჯახები დახმარებას ითხოვენ. ისინი რეაგირებას უკრაინაში საქართველოს საელჩოს თხოვენ.
ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ უკვე სამი დღეა, უკრაინაში მყოფ პატართველ პატიმრებთან ყველანაირი კავშირი დაკარგულია. მათ არ იციან მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 100-მდე პატიმარია უკრაინაში, მათ ირგვლივ ცვივა ბომბები, მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. შეწყდა მათთან კომუნიკაცია, მე ვწერ მათ და ვერ ახერხებენ პასუხის გაცემას.
როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მათ ჩამოართვეს მობილური ტელეფონები. რა თქმა უნდა, გარანტი ვერავინ იქნება, როცა ასეთი აგრესორი ქვეყანა უტევს უკრაინას. ყოველ წუთას შესაძლებელია, მოვლენები ცუდად განვითარდეს - განუცხადა ,,ტვ პირველს" ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.
რა ბერკეტები არსებობს, რომ სხვა ქვეყანაში მყოფი პატიმრები სამშობლოში დააბრუნო? არასამთავრობო სექტორის განმარტებით, პირველ რიგში აუცილებელია, საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა მოლაპარაკებები დაიწყოს. შემდგომში კი უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა აღნიშნული მსჯავრდებულების ექსტრადაცია სამშობლოში.
ამ მოცემულობით საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს პირდაპირი ბერკეტი, რომ ეს ადამიანები გადმოიყვანოს ჩვენს ტერიტორიაზე. მოლაპარაკება და მუშაობა უნდა იქნას დაწყებული თუნდაც იმ ეტაპზე, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს ინფორმაცია შეგროვებული პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა, ,,დემოკრატიული ინიციატივა"-ს ხელმძღვანელმა.