დიდმა ბრიტანეთმა უკრიანის საელჩო ლვოვიდან კიევში დააბრუნა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში თავისი საელჩო ლვოვიდან კიევში დააბრუნა. ამის შესახებ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, განაცხადა.
განვაახლეთ კიევში ჩვენი საელჩოს მუშაობა. ჩვენი ელჩი, მელინდა სიმონსი, უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. დიდი მადლობა მელინდას და მის გუნდს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. - დაწერა სოციალურ ქსელში ტრასმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი კვირით ადრე ბრიტანეთმა საელჩო კიევიდან ლვოვში გადაიტანა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩი ქვეყნიდან გასული იყო და დიპლომატიური უწყება პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ პოლონეთი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც თავისი ელჩი უკრაინიდან არ გაიწვია. პოლონეთის საელჩო კიევში დაუბრკოლებლად და შეუსვენებლად ფუნქციონირებდა.