ჰუმანიტარული დახმარების რიგებში ადამიანებს გული მისდით - ვითარება ოკუპირებულ მარიუპოლში
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში წყლის და სურსათ-სანოვაგის დეფიციტია. სურსათის რიგებში მრავალსაათიანი დგომის შედეგად ადამიანები საავადმყოფოებშიც კი ხვდებიან. ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო, ავრცელებს.
დაპყრობილ ქალაქში საკვების მიღების ერთადერთი გზა ოკუპანტების მიერ დარიგებული ჰუმანიტარული დახმარებაა. რამდენიმე შეკვრა მაკარონის, წვენის, კონსერვების და ბურღულეულის მისაღებად მარიუპოლელებს მრავალი საათი რიგში დგომა უწევთ.
ყოველდღიურად ყოფილ სავაჭრო ცენტრთან 1500-დან 2000-მდე ადამიანი საკვების მიღების მოლოდინში დგას. დღეში 400 შეფუთვას არიგებენ. სიცხეში, მზის ქვეშ ადამიანები რიგში ექვსი-ექვსი საათით ფუჭად დგანან. დასალევი წყალი არ არის, მისი აღება ჰუმანიტარული შტაბის ტერიტორიაზე შეუძლებელია. ჩრდილიც კი არსად არ არის, რომ ადამიანმა თავი შეაფაროს, - წერს ადნრიუშენკო.
მერის მრჩეველი რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარებას დამამცირებელს უწოდებს და ამბობს, რომ ოკუპანტები ადგილობრივებს დასცინიან. მისი თქმით, ბოლო დღეებში რიგში ბევრსაათიანი დგომის გამო ადამიანებს გულის მისდით და ისინი საავადმყოფოებში გადაჰყავთ. საუბარია, საათში 10-მდე ადამიანზე.
ამის გარდა, ქალაქის ქუჩებში ნაგვის გორები დგას, რომლის გატანაზეც თავად მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ, ამისთვის ავტომობილების საკმარისი რაოდენობა არ არის. უკვე სამი თვეა, ქუჩებში ნაგავი იხრწნება და საშინელი სუნი დგას.