რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს - დავით არახამია

რუსეთის ფედერაციასთან ომის საკითხებზე მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, ამჟამად უკრაინული მხარე მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას არ განიხილავს, თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გარკვეულ ადგილებში კონტრშეტევის განხორციელების შემდეგ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ არახამიამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ გვინდა ჩვენი გეგმები გავუზიაროთ რუსებს, რადგან ისინი ამას ღია წყაროებში ხედავენ, მაგრამ ვფიქრობ, ზოგიერთ ადგილას ჩვენ კონტრშეტევით ოპერაციებს ჩავატარებთ“, – აღნიშნა არახამიამ.
მისი თქმით, ამჟამად, უკრაინა მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობას არ განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე არ გააძლიერებს თავის ძალებს და რუსული ძალები არ დაუბრუნდებიან იმ პოზიციებს, რომლებზეც 24 თებერვლამდე იყვნენ.
„ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ რაიმე სახის პოლიტიკური შეთანხმება, როგორიც ჩვენ სტამბოლში შევთავაზეთ. მაგალითად, რამდენიმე წელი ყირიმის საკითხს არ შევეხებით. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ სამხედრო გზით, მაგრამ ვაკეთებთ დიპლომატიურად და პოლიტიკურად“, – აღნიშნა არახამიამ.