ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე წვდომა - ბორელი

უმაღლესი ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს დაბომბვასა და ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს.
ბორელი რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფასა და უსაფრთხოების წესების სერიოზულ დარღვევაზე საუბრობს.
ევროკავშირი გმობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებს. ეს არის ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა“, – წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“.