რუსეთმა დონბასში მასიური შეტევა დაიწყო - ბრძოლები 3 მიმართულებით მიმდინარეობს

რუსეთმა დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო, ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით, ტანკებით, არტილერიითა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვა დაფიქსირდა ნემალენკოეს, სულიგოვკასა და მაზანოვკას მახლობლად.
ამასთან, მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ცდილობდნენ ნოვოდმიტროვკასთან, ვერნოპოლიესა და კურულკასთან ახლოს, მაგრამ უკრაინელმა სამხედრებმა ისინი უკუაგდეს და უკან დახევა აიძულეს.
„ოკუპანტებმა თავდასხმის ოპერაციები განახორციელეს ბახმუტის, ზაიცევოესა და კოდემას დასახლებების ტერიტორიებზე, თუმცა წარუმატებლად. ბრძოლა გრძელდება. ავდიივკას მიმართულებით დამპყრობლებმა გამოიყენეს ტანკები, ქვემეხები და სარაკეტო არტილერია ნოვობახმუტოვკას, ნეველსკოეს, ნესკუჩნოეს, ალექსანდროპოლის, კერამიკის, კერმენჩიკისა და პესკოვის ტერიტორიებზე. მოწინააღმდეგე წინ მიიწევს ოპიტნოესა და მაიორსკის დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატების გარეშე ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.