სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დრონი დაეცა
ქალაქ სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა განხორციელდა.
რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მიერ 20 აგვისტოს დილით გავრცელებული ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინის თავზე ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც შენობის სახურავს დაეცა. თავის მხრივ, გამოცემა “კრიმ რეალიი” აფეთქების შესახებ წერს.
მიხეილ რაზვოჟაევი თავდაპირველად აცხადებდა, რომ შენობის თავზე მფრენი დრონის ჩამოგდება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, დე-ფაქტო გუბერნატორმა შეცვალა მომხდარის ვერსია და თქვა, რომ აპარატი “ფლოტის შტაბ-ბინის თავზე ჩამოაგდეს”, “სახურავზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა”.
ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა.
იერიშთან დაკავშირებით, უკრაინაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.