პირველ რიგში რეზერვისტებს, კონტრაქტზე მყოფებს გაიწვევენ, შემდეგში იქნებიან მამაკაცები - რას გულისხმობს პუტინის ბრძანება
პრეზიდენტ პუტინის ბრძანება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, წვევამდელების შეუზღუდავი რაოდენობა გაიწვიოს - ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა, პაველ ჩიკოვმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული ბრძანებით ხელ-ფეხი გაეხსნა და იმის უფლება მიეცა, გაიწვიოს განუსაზღვრელი რაოდენობის ჯარისკაცი.
მექანიზმი მდგომარეობს შემდეგში: თავდაცვის სამინისტრო ყველა რეგიონში გასაწვევთა კვოტების ფორმირებას მოახდენს. გუბერნატორები იქნებიან პასუხისმგებელი მის შესრულებაზე.
რამზან კადიროვმაც რაღაც წინასწარ იცოდა, ამიტომაც გამოაცხადა რეგიონის თვითმობილიზაციის შესახებ. პირველ რიგში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვისტები, კონტრაქტზე მყოფები, შემდგომში მამაკაცები, რომლებიც თადარიგში იყვნენ. შოიგუმ მაქსიმალურ რაოდენობად 300 ათასი დაასახელა, თუ მეტი დასჭირდებათ, ამის უფლებას ექნებათ - განაცხადა ჩიკოვმა.
ნაწილობრივი გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა დღეს მოაწერა.