აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უხამსი იყო - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ,,უხამსი" უწოდა ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე, სადაც ჯო ბაიდენმა მსოფლიოს პუტინის მიერ გაჟღერებული მუქარა შეახსენა.
რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას, მე ამას აბსოლუტურად უხამსად ვთვლი. ეს გამოსვლა ჩვენს ქვეყანას ეხებოდა. ბაიდენმა გამოსვლა პუტინის სიტყვის ციტირებით დაიწყო. მან მიაწერა რუსეთის პრეზიდენტს სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ემუქრება ატომური ომით - განაცხადა ზახაროვამ "Соловьев Live-ის პირდაპირ ეთერში.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ აღნიშნული გამოსვლა არის პროპაგანდისტული და მისი მიზანია, მსოფლიოს თავს მოახვიოს არასწორი ინფორმაცია.
თავის გამოსვლაში ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრემლი ატომური ომით აშინებს ევროპასა და მსოფლიოს.
ბირთვული ომი არასდროს არ უნდა გაჩაღდეს, რადგან მასში გამარჯვებული არავინ იქნება- განაცხადა ბაიდენმა.