"ომი იმ ხალხთანაც მოვიდა, ვინც აგრესიას მხარს უჭერდა" - რუსეთში სამხედრო კომისარიატები გადავსებულია
რუსეთში სამხედრო კომისარიატები ხალხით გადაივსო - საოკუპაციო რეჟიმს მოქალაქეები ომში ძალით მიჰყავს.
კადრები, რომელიც დილიდან ვრცელდება, კარგად ასახავს ჯარში გამწვევ პუნქტებთან არსებულ რეალობას. ომში ძალდატანებით წასულებს ემშვიდობებიან, თუმცა ვინ და სად მიჰყავთ უბრალოდ არ იციან.
პარალელურად რუსეთის ყველა მეზობელ ქვეყანასთან და სახმელეთო საზღვრებთან მანქანების კოლონები დგას.
ბევრი ელოდა რომ მობილიზაცია დაიწყებოდა. ეს ჰაერშიც კი იგრძნობოდა. როდესაც ეს უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, ხალხის ნაწილი უკვე მომზადებული იყო. თუმცა ადამიანების უმეტესობისთვის ეს მაინც შოკი იყო. და განსაკუთრებული შოკი იყო მათთვის, ვინც ამ ომს მხარს უჭერდა, მათ ეგონათ, რომ ისინი ტელევიზორთან ჩამოსხდებოდნენ და დააკვირდებოდნენ საომარ მოქმედებებს. ომი კი მათ სახლებთან მოვიდა. ხალხმა მასიურად დაიწყო რუსეთის დატოვების გზების ძიება. ამ წუთშიც ვიცი რამდენიმე ადამიანი, ვინც ამას ცდილობს. ცდილობენ გავიდნენ უახლოეს ქვეყნებში. თვითმფრინავის ბილეთები მაშინვე გაიყიდა. საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, თურქეთში - ამ რეისებზე ძალიან რთულია ბილეთის შოვნა. ძალიან ძვირიც ღირს. უახლოეს დღეებში ბილეთები ფიზიკურად არ არის"- აცხადებს "ტვ პირველთან" რუსეთის მოქალაქე.