დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე და ლუგანსკი - უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში საოკუპაციო რეჟიმი რეფერენდუმს ატარებს

"გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?" - უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში საოკუპაციო რეჟიმი რეფერენდუმს ატარებს. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების ოკუპანტ ქვეყანასთან მიერთებას გულისხმობს.
ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხმების გაზრდის მიზნით რეფერენდუმში 13-დან 17 წლის ჩათვლით, მოზარდებიც მიიღებენ მონაწილეობას.
დონეცკის მარიონეტი ლიდერი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნულ რეფერენდუმს ისტორიულს უწოდებს.
ბოლო 8 წელია ველოდებით ამ მომენტს. ისინი ისე ელოდნენ, როგორც მრავალწლიანი განშორების შემდეგ ოჯახში დაბრუნებას. რეფერენდუმის ჩატარება ისტორიული ეტაპია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის პოზიტიურ შედეგებში დარწმუნებულები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი საერთო რთული გზის კულმინაცია. ჯერ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვახდით, მერე მივაღწიეთე რესპუბლიკების აღიარებას და ახლა მესამე ნაბიჯი - რუსეტთან გაერთიანება. „სახლში მივდივართ“ - ეს რეფერენდუმი იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი ახალ რეალობაში როგორც ძლიერი სულის, თავისუფალი რუსეთის ნაწილი. მივმართავ თითოეულ თქვენგანს გულწრფელი პატივისცემისა და მადლიერების სიტყვებით, მადლობას გიხდით სიმამაცისთვის და ჩვენი დიდი სამშობლოსადმი რწმენისთვის, თითოეული თქვენგანის ხმა დაადასტურებს სიმართლეს, დონბასი რუსეთია!, - განაცხადა პუშილინმა.
ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსული ძალები მოქალაქეებს ე.წ. „რეფერენდუმში“ ხმის მიცემას აიძულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნიან, რათა სახლებში იარონ და მოსახლეობას ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობა და ხმის მიცემა აიძლონ.
ე.წ. "რეფერენდუმის" შედეგებს საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს. NATO უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარებას გმობს.