„ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლებრივი საქმე არ შეწყვეტილა - მედია

„ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა - ინფორმაციას გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ "ვაგნერის" ლიდერის წინააღმდეგ საქმის გამოძიებას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი აგრძელებს.
თუმცა, მანამდე ცნობილი იყო, რომ რუსეთში პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურება და ის "ბელარუსში გაემგზავრება". ამჟამად, პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია. პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლით შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების ფაქტზე 23 ივნისს მას შემდეგ აღძრეს, რაც „ვაგნერელებმა“ როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები დაიკავეს და მოსკოვისკენ დაიძრნენ.