ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთება სურს

23.08.23 13:52
ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთება სურს

რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მუქარას, მალევე მოჰყვა საპასუხო რეაგირება სამხრეთ ოსეთში.  ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთება სურს, რისთვისაც მნიშვნელოვანია მინსკის მიერ რესპუბლიკის აღიარება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

"ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამიტომ ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე, ეს გაგვიხსნის გზას საკავშირო სახელმწიფომდე და რესპუბლიკისთვის ახალ ჰორიზონტამდე". - თქვა გობოზოვმა.

მანვე დასძინა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ადრე თუ გვიან მიხვდება რა სარგებელს მოუტანს მინსკს ცხინვალის სუვერენიტეტის აღიარება.

ბელარუსი ამ დრომდე არ ცნობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.