უაღრესად ვარ შეშფოთებული სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის მოსალოდნელი ზეგავლენით - გრეგოროვა
"უკიდურესად ვარ შეშფოთებული საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით", - ასე ეხმაურება მარკეტა გრეგოროვა "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას.
ევროპარლამენტარი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ 2023 წლის მარტის მოვლენების შემდეგ, გაჩნდა საფუძვლიანი მოსაზრება, რომ მმართველი პარტია საკუთარ შეცდომას მიხვდა, თუმცა ახლა ოლიგარქის გუნდი მეორე წრეზე წავიდა.
როგორც გავიგე, არაერთხელ გაკრიტიკებული კანონი, რომელმაც შარშან საზოგადოების მწვავე აღშფოთება გამოიწვია, კვლავ უცვლელადაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. გაოგნებული ვარ ამ ნაბიჯით. იმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე კანონის მიღების [და შემდგომი პროტესტის და კრიტიკის] შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიხვდა, თუ რატომ დაატყდა თავს ასეთი კრიტიკა...
ასეთი კანონმდებლობა საჭიროებს გულდასმით შემუშავებას და კონსულტაციებს, რათა ის შეებრძოლოს რეალურად მავნე საგარეო გავლენას - ისეთს, როგორსაც რუსეთი მიმართავს საქართველოზე, - მაგრამ არ შეუქმნას საფრთხე ლეგიტიმური პროდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ვინაიდან ამ კანონპროექტის ავტორები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს ქართული ოცნება, რადგან მიაჩნდათ, რომ ის საკმარისად რადიკალურად არ იხრებოდა რუსეთისკენ. უკიდურესად ვარ შეშფოთებული საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით", - წერს გრეგოროვა.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.
"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.