"ევროპული გზის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის უარყოფა" - ჰელსინკის კომისია "რუსულ კანონზე"
"ქართული ოცნება" სრულ წნეხში ექცევა. რუსული კანონის მომხრე, საქართველოს ხელისუფლებას მძიმე გზავნილი ამერიკისს ჰელსინკის კომისიიდან წამოეწია. გამიზნული თავდასხმა საქართველოს დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისს საბოტაჟი - ასე აფასებენ ვაშინგტონში, ოლიგაქრის პარტიის რუსულ ცდუნებებს. ამერიკის მთავრობის სააგენტოში ფიქრობენ, რომ კანონპროექტი რომელიც "ოცნებამ" პარლამენტში მეორედ დააინიცირა, რუსული კანონის ასლიაა. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ ქართული ოცნება კვლავ დაადგა ამ გზაზე, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა. - წერს კომისია.
"ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, ევროპული გზის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა.
ეს კანონპროექტი რუსული კანონითაა შთაგონებული და მისი ანალოგია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახლა ინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობების მიღების მცდელობების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ "ქართული ოცნება" კვლავ მიდის ამ გზაზე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად," - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.
საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.
"ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი." - წერია დოკუმენტში.