დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს რუსული კანონის მიღებით? - რას ამბობს ფიშერი
საქართველოში "ოცნების" მიერ რუსული კანონის უკან შემობრუნებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განგაშით ხვდებიან.
Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი სებასტიან ფიშერი ამბობს, რომ პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
კითხვაზე, დაკარგავს თუ არა საქართველო ამ შანსს, თუ კანონის მიღება მოხდება, ფიშერმა აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.
„გასულ წელს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათიათასობით წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის გაპროტესტების შედეგად, იგი დღის წესრიგიდან ამოიღეს. პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოში, რომელმაც გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების ისტორიული შანსი მიიღო, მათ ამის შესახებ იციან. დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის სახელმწიფოებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა.