"ერთი პირის სანქცირებამ შესაძლოა, პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს" - სტატია "Bloomberg"-ზე

13.05.24 12:52
"ერთი პირის სანქცირებამ შესაძლოა, პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს" - სტატია  "Bloomberg"-ზე

საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება და ბიძინა ივანიშვილის სანქცირება - საერთაშორისო გამოცემა "Bloomberg" ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ვრცელი სტატიით ეხმაურება.

მარკ ჩემპიონი გამოქვეყნებული სტატიით დასავლეთს ქართველი ოლიგარქისთვის შეზღუდვების დროული დაწესებისკენ მოუწოდებს და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ჯერ კიდევ რჩებათ შანსი, რომ სანქციების ბერკეტის გამოყენებით საქართველოს "პუტინის ორბიტაზე" მოქცევის პროცესი შეაჩერონ.

"ერთი პირის სანქცირებამ შესაძლოა, პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს" - წერს ჩემპიონი და იქვე დასძენს, რომ ივანიშვილის ქმედებების უკან ქონების დაკარგვის საზარელი შიში იმალება.

სანქციები, რომელიც ახლა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იარაღია, უკვე განიხილება ვაშინგტონში. მე, ზოგადად, არ ვარ სანქციების დიდი გულშემატკივარი. ისინი, როგორც წესი, ბლაგვი და ზანტი ინსტრუმენტებია, რომლებმაც უფრო სავარაუდოა, რომ გამოიწვიონ კოლატერალური ზიანი, ვიდრე მიაღწიონ რეალურ მიზანს. მაგრამ, თუ აშშ-ს ხაზინა და ევროპული კომისია სწრაფად იმოქმედებენ, ეს შესაძლოა იყოს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ერთი პირის სანქცირებამ შესაძლოა, პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს.

ეს იმიტომ, რომ ივანიშვილის მილიარდები მისთვის და "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკულია. Credit Suisse-თან, რომელიც ახლა UBS Group AG-ს ეკუთვნის, გრძელვადიან დავაში მოგებული 1 მილიარდ დოლარზე მეტი ახლა პირობით დეპონირებაზე აქვს და აპელაციის გადაწყვეტილებას ელოდება. მაგრამ ივანიშვილი - რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში მოიპოვა და რომლის ქონებაც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსით 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული - როგორც ჩანს, ღელავს იმ სახსრებზე, რომლებსაც სხვაგან ინახავს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთი ოფიციალური პირის, რომელიც არ არის ხალხის მიერ არჩეული, აქტივების გაყინვა პირდაპირ გავლენას მოახდენს იმავე ადამიანზე, რომელიც აფინანსებს და აკონტროლებს მთავრობას. თუ ეს შეიძლება გაკეთდეს, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა". - წერს ჩემპიონი.

მარკ ჩემპიონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს 2013-2014 წლებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ადარებს და წერს, რომ საქართველო ახლა თავის "მაიდანის მომენტშია". სტატიის ავტორი ორ ძირითად კითხვას გამოყოფს - უნდა შექმნან თუ არა ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა "იანუკოვიჩის მომენტი" და უნდა ჩამოაგდონ თუ არა მთავრობა, რომელიც რუსული კანონის დამტკიცებას გეგმავს.

პირველ კითხვაზე პასუხი რთულია, თუმცა მეორე კითხვაზე პასუხი მარტივია: არა" - წერს ჩემპიონი.

სტატიის ავტორი ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ მოქალაქეებისთვის სისხლიანი ანგარიშსწორების ღამის მოწყობასა და "ოცნების" მიერ "მონაცემთა ბაზის" შექმნასაც ეხმაურება და ფაქტს "შემზარავს" უწოდებს.

ეს არის შემზარავი რამ, რაც ცხადყოფს მთავრობის განზრახვას, გამოიყენოს უცხოური აგენტების კანონი ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს - როგორც რეპრესიის იარაღს ოქტომბრის არჩევნების წინ და არა ლობისტებისთვის გამჭვირვალობის იძულებისთვის, როგორც ეს აშშ-შია. თუმცა, უფრო ფართო კონტექსტში, პროცესები ყველაზე მეტად რეზონირებს უკრაინასთან და ამავე თვალსაზრისით, ყველაზე შემაშფოთებელია". - წერს ჩემპიონი.

მსგავსი სიახლეები