ბრიტანული მედია საქართველოში Massive Attack-ის კონცერტის გაუქმებაზე წერს

13.06.24 15:55
ბრიტანული მედია საქართველოში Massive Attack-ის კონცერტის გაუქმებაზე წერს

მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა და ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის მიერ შეწყვეტილი კონტრაქტი "Black Sea Arena"-სთან - საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

ამჯერად "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო საქართველოში "Massive Attack"-ის კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით "The Guardian" და "Indipendent" წერენ.

"The Guardian"-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად, განცხადება "Black Sea Arena"-ს ადმინისტრაციამ გააკეთა და განმარტა, რომ კონცერტი "გაუთვალისწინებელი გარემოებების" გამო გაუქმდა.

თუმცა, როგორც "The Guardian" წერს, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ მუსიკალურმა ბენდმა განმარტა, რომ კონცერტი არა "გაუთვალისწინებელი მიზეზებიდან" გამომდინარე, არამედ მიზანმიმართულად ჩაიშალა.

"Black Sea Arena-ზე გამოსვლის გაუქმების შესახებ პირველებმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომლებმაც თქვეს, რომ ეს "გაუთვალისწინებელი გარემოებების" გამო იქნა მიღებული. ოთხშაბათს რამდენიმე საათის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ტრიპ-ჰოპ ჯგუფმა განმარტა, რომ ისინი შიშობენ, რომ საქართველოში გამოსვლა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერად მიიჩნევა", - აღნიშნულია სტატიაში. 

"Massive Attack"-ის პასუხი "ქართული ოცნების" ძალადობაზე - ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი წერს, რომ 28 ივლისს, "Black Sea Arena"-ზე ჩანიშნულ კონცერტს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების შელახვისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის გამო აუქმებს.

"Massive Attack" სოციალურ ქსელ "X"-ზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის ფოტო-კადრს ავრცელებს და წერს, რომ ამ მომენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არენაზე გამოსვლა შესაძლოა, მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივად ჩახშობის მოწონებად ჩაითვალოს.

ცნობისთვის, იქამდე სანამ ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის კონცერტი გაუქმდებოდა, ქართველმა ხალხმა MASSIVE ATTACK-ს ოფიციალური განცხადებით მიმართა. საზოგადოება ბენდს მოუწოდებდა, საქართველოში არსებულ საგანგებო პოლიტიკურ ვითარებას გაცნობოდნენ და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯი გადაედგათ.

ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანების მიმართვას მუსიკალურმა ჯგუფმა განცხადებით უპასუხა. MASSIVE ATTACK-მა სოციალურ ქსელ "X"-ზე დაწერა, რომ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.

მსგავსი სიახლეები