ვინ დაიკავებს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს? - დეტალები EU-ს ლიდერების არაფორმალური შეხვედრიდან

18.06.24 10:23
ვინ დაიკავებს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს? - დეტალები EU-ს ლიდერების არაფორმალური შეხვედრიდან

 

ვინ დაიკავებს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს? - გადაწყვეტილება მრავალსაათიანი მსჯელობის მიუხედავად, ჯერ მიღებული არ არის. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ ვერც ევროკომისიის პრეზიდენტის, ვერც ევროპული საბჭოს და ვერც სხვა მაღალი თანდებობის პირების კანდიტატურებზე.

საკითხი 17 ივნისს განიხილებოდა ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა, თუმცა შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მათ კონსენსუსისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

„ეს შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა აზრთა მიმოცვლის, არჩევნების შედეგების გათვალისწინებისა და ევროსაბჭოს ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებისთვის, რომელიც მომავალ კვირას აქ, ბრიუსელში გაიმართება. ვფიქრობ, მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ დღეს, ამ ეტაპისთვის შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია. დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო ნაბიჯი იყო შემდეგი ევროპული საბჭოსთვის მოსამზადებლად, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება მომავალ ოფიციალურ ევროპულ საბჭოზე, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი პლენკოვიჩის განცხადებით, შეხვედრაზე წინასწარი დებატები გაიმართა განხილვა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.

არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ეს იყო წინასწარი დებატები, პირველ რიგში იმის ასახვა, თუ როგორ ვაანალიზებთ ევროკავშირის არჩევნების შედეგებს და ასევე, პირველადი კონსულტაციები უმაღლეს თანამდებობებთან დაკავშირებით. განხილვა გაგრძელდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც. ვიმედოვნებთ, დროული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს იყო სასარგებლო შეხვედრა და მნიშვნელოვანი გაერთიანება არჩევნების შემდეგ", - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

მკაფიო პოზიციების გაზიარებისგან თავი შეიკავა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.

ჯერ არ შევთანხმებულვართ უმაღლეს თანამდებობზე, განვიხილეთ, დასახელებული იყო გვარებიც, დისკუსიას და კონსულტაციებს გავაგრძელებთ, მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ. გვაქვს მკაფიო პოზიციები, რომლებსაც ახლა ვერ გაგიზიარებთ", - განაცხადა რუტემ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ხაზი გაუსვა პარლამენტის მტკიცე ვალდებულებას, უზრუნველყოს ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

„ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენცია გასულ კვირას შეიკრიბა ევროპული არჩევნების შედეგების შესაფასებლად. მთავარმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაადასტურა, რომ მათი წამყვანი კანდიდატი კომისიის მომავალი პრეზიდენტის თანამდებობაზე არის მოქმედი პრეზიდენტი“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი დარწმუნებულია, რომ EU-ს ქვეყნები სწრაფად შეთანხმებას შეძლებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სწრაფად განვითარდება. ყველა მოლაპარაკება, რომელიც მე გავმართე ბოლო კვირებსა და თვეებში, მიზნად ისახავს კონსტრუქციული გადაწყვეტის სწრაფად პოვნას. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც მხარს უჭერდა პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ისევ აქვს უმრავლესობა პარლამენტში, მჯერა, რომ შესაძლებელი იქნება გონივრული გადაწყვეტილების სწრაფად მიღება", - განაცხადა შოლცმა.

ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს გერმანელ ურსულა ფონ დერ ლაიენს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტად განიხილება პორტუგალიელი ანტონიუ კოშტა, რომელსაც მხარს უჭერს ევროპარლამენტში მანდატების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფი სოციალისტების და დემოკრატების ფრაქცია.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად განიხილება ესტონელი კაია კალასი. რაც შეეხება ევროპარლამენტს, მას, სავარაუდოდ, კვლავ მალტელი რობერტა მეცოლა უხელმძღვანელებს.