პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი - მილერის პასუხი კობახიძეს

"პრეზიდენტმა ამერიკულ საზოგადოებას სთხოვა, სპეკულაციისგან თავი შეეკავებინათ" - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გააკეთა.
მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომენტარსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ჯო ბაიდენის მიმართვას "უცხო ქვეყნებზეც გაავრცელებდა."
არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ გაგრძელდება. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები, ფაქტების გაგებამდე. ვფიქრობ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“, - განაცხადა მეთიუ მილერმა. [IPN]
საქართველოს პრემიერი დონალდ ტრამპზე თავდასხმას ორი ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებით გამოეხმაურა. ერთი განცხადება ირაკლი კობახიძემ პლატფორმა X-ზე გაავრცელა, სადაც მომხდარი დაგმო და აშშ-ს ექსპრეზიდენტს წარმატება უსურვა.
მოგვიანებით პრემიერმა ფეისბუქზე კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ტრამპზე თავდასხმა გლობალურმა ომის პარტიამ განახორციელა. კობახიძე ამტკიცებს, რომ "ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა".