ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

22.07.24 13:30
ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი ქვეყნის სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ზელენსკი წერს, რომ უკრაინასა და მთელ ევროპაში სიტუაცია ისევ რთულია და იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შემდგომი ძლიერი ლიდერობა რუსულ ბოროტებას არ მისცემს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 53 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.

პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინისადმი მხარდაჭერის დასადასტურებლად კიევში საგანგებოდ ჩავიდა ომის დაწყების წლისთავზე, 2023 წლის თებერვალში.

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება.  ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

მსგავსი სიახლეები