ოკუპანტებმა ოდესას ბალესტიკური რაკეტებით შეუტიეს - დაღუპულებს შორის ერთი მოზარდია

11.10.24 10:34
ოკუპანტებმა ოდესას ბალესტიკური რაკეტებით შეუტიეს - დაღუპულებს შორის ერთი მოზარდია


რუსეთის საოკუპაციო არმიამ 10 ოქტომბერს, გვიან საღამოს, ოდესის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის თქმით, ოდესის რეგიონში თავდასხმის შედეგად განადგურდა ორსართულიანი შენობა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.

ნანგრევებში ხალხი იყო ჩარჩენილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს, სამწუხაროდ, შენობის ნანგრევებში დაიღუპა კიდევ სამი ადამიანი. დაღუპულებს შორის არის 43 წლის ქალი, 22 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა, - განაცხადა ჩინოვნიკმა.

მისი თქმით, დაშავებულია კიდევ 10 ადამიანი, ცხრა დაზარალებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ახლა სამართალდამცავი ორგანოები კიდევ ერთი რუსული დანაშაულის შედეგებს აფიქსირებენ.