რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოსა და მოლდოვას წინასაარჩევნო გარემოში
მოლდოვა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ხმის მიცემა საარჩევნო უბნებზე 20 ოქტომბერს დილიდან დაიწყება. ამომრჩევლის ვერდიქტის მოლოდინშია მაია სანდუ, მოლდოვის პრო ევროპელი პრეზიდენტი, რომელმაც შეძლო და დღეს მისი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა.
კიშინიოვში ახლა სამართალდამცველები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან, რადგან ვარაუდობენ, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში გავლენის მოხდენას შეეცდება.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემილ ინტერვიუებში ამერიკელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სანდუ ქვეყნის მართველი მეორე ვადით გახდება, რადგან მან საკუთარი პოლიტიკით დაამტკიცა, რომ შესაძლებელია რუსული პროპაგანდის დამარცხება.
ამასთან, ანალიტიკოსები პარალელს საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთანაც ავლებენ და ამბობენ, რომ რუსეთი ორივე ქვეყანაში, პრაქტიკულად, ერთი და იგივე ტაქტიკით მოქმედებს და მსგავს პროპაგანდას ავრცელებს.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, კვლევები, რომელსაც მე ვენდობი, აჩვენებს, რომ უფრო მეტი ქართველია რუსეთის წინააღმდეგ განწყობილი, ვიდრე მოლდოველები. მოლდოვაშ მოსახლეობა ამ მხრივ თითქმის თანაბრადაა გაყოფილი, საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი წინააღმდეგია რუსეთთან ახლო ურთიერთობების. ისინი პროევროპელები და პრონატოელები არიან. რაც შეეხება რუსეთის მიდგომებს და გავლენებს, რუსეთის მიზნები, ისევე როგორც ტაქტიკები, ცოტა განსხვავებულია, მაგრამ თემატიკა ერთია. ზუსტად ერთი და იგივე თემები და მესიჯბოქსებია, იქნება ეს ომი-მშვიდობის რიტორიკა, საუბარი ტრადიციებზე, რელიგიაზე, კულტურაზე თუ ა.შ.ჩემი აზრით, მთავარი განსხვავება ისაა, რომ რუსეთს საქართველოში მოლდოვისგან განსხვავებით პირდაპირი პოლიტიკური წარმომადგენლები არ ჰყავს. ვსაუბრობ არა პრორუსულ ძალებზე ან ხელისუფლებაზე, არამედ პირდაპირ კავშირებზე, რუსეთიდან უშუალოდ მართულ პარტიაზე. მოლდოვამ ასეთი პოლიტიკური პარტიები ცოტა ხნის წინ აკრძალა. მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები უფრო კრიტიკული მნიშვნელობის იქნება, რომელიც მომდევნო წელს გაიმართება, ვიდრე საპრეზიდენტოა, რადგან ჩანს, რომ სანდუს ამ ეტაპზე კარგი პოზიციები აქვს. საქართელოც და მოლდოვაც რუსეთის თავლთახედვის არეალში რჩება, კრემლის ინტერესების სფეროში, ამიტომ ტაქტიკები მცირედით შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმაც რუსეთის მიზანი და სურვილი ერთია, - ამბობს ლორა თორტონი.
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვეცი ამბობს, რომ მოლდოვასა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებიცაა. მისი თქმით, მოლდოვის პრეზიდენტი მტკიცედ პროევროპელია და ქვეყნის კარი ევროკავშირში, პრაქტიკულად, ღიაა. ამასთან, დიპლომატის თქმით, მოლდოვაში, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, "გლობალური ომის პარტიაზე" არ საუბრობენ. იალოვეცი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მოლდოვასგან ბევრი რამ აქვს სასწავლი.
საქართველოსა და მოდლოვას შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. ორივე ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან რუსი სამხედროები, ორივე ქვეყანაში არჩევნებია. არის ასევე ბევრი მნიშვნელოვანი განსხვავება. მოლდოვა მოქმედი პრეზიდენტის პირობებში ევროპასტან დაახლოებულია. მაგალითად, მათთვის ევროკავშირის კარი ღიაა და მოლაპარაკებების ეტაპზე არიან გადასული. რუსეთს მოლდოვაში ჰყავს ბევრი პირდაპირ დაფინანსებული ოპოზიციური პარტია. ბევრი წინააღმდეგობის და რუსეთის მცდელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე მაია სანდუს არ აქვს პრობლემა არჩევნებში გამარჯვების. როგორც კვლევებში ჩანს, ის მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი. მოლდოვაში მმართველი პარტია გლობალური ომის პარტიაზე არ საუბრობს. მათ მტკიცედ სურთ ევროპაში გაწევრიანება. სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მოლდოვისგან ბევრი ამ აქვს სასწავლი, - ამბობს ამერიკის ყოფოლი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვეცი.