ლავროვი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად ევროკავშირის ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს

01.11.24 12:40
ლავროვი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად ევროკავშირის ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს

სერგეი ლავროვი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად ევროკავშირის ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს . რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს დეკემბერში მალტას ეწვიოს და მონაწილეობა მიიღოს ეუთოს წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს სხდომაში. ინფორმაცია გამოცემა „ვედომოსტის“ დაუდასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

თუ მალტა ლავროვს მიიღებს, ეს იქნება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მისი პირველი ვიზიტი 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

სერგეი ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.

ზახაროვას განცხადებით, ქვეყანა, რომელიც ეუთოს შეხვედრას მასპინძლობს, ვალდებულია უზრუნველყოს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს მუშაობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ბოლოს იმყოფებოდა 2021 წლის დეკემბერში და მაშინაც ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე.