ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ურთიერთუნდობლობა გახდა.
ნეთანიაჰუს თქმით, ის და გალანტი ვერ თანხმდებოდნენ ომის მართვაზე, გალანტი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა და ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომლებიც კაბინეტის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებოდა.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობდით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს ნდობა ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეირყა. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მიუღებელი გზით, და რაც უფრო უარესია, ეს ინფორმაცია მტერმაც შეიტყო - ჩვენმა მტრებმა ამით ისარგებლეს და დიდი სარგებელიც ნახეს", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.