ეს იყო ფარსი, რუსეთში ყველაზე არაკონკურენტული არჩევნები ჩატარდა - სიუზან შპანი

21.09.21 18:29
ეს იყო ფარსი, რუსეთში ყველაზე არაკონკურენტული არჩევნები ჩატარდა - სიუზან შპანი

ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან მოყოლებული ყველაზე არაკონკურენტული არჩევნები და ფარსი - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტმა, სიუზან შპანმა, DW-ს განუცხადა. ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ არჩევებში რუსეთის ხელისუფლებამ ყველა დაშვებული და აკრძალული ხერხი გამოსცადა, რაც მას 2024 წელს ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოადგება

სიუზანე შპანი უკვე 20 წელია, რაც რუსეთში არჩევნებს აკვირდება. ის აღნიშნავს, რომ წლევანდელი სახელმწიფო დუმის არჩევნები ხასიათდებოდა მასობრივი მანიპულაციებითა და რეპრესიებით.

აღნიშნული მეთოდები რუსეთში მინიმუმ 10 წელია, რაც არსებობს და ის მუდმივად მეორდება. განსხვავება ის არის, რომ მანიპულაციები და რეპრესია უფრო მძაფრი და მასობრივი ხდება, წელს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის მმართველი ელიტა ამ არჩევნებისთვის რამდენიმე თვით ადრე მოემზადა, რადგან მთავარი კონკურენტი, ნავალნი და მისი მომხრეები, ჩამოიშორა - განაცხადა DW-სთან ინტერვიუში შპანმა.

,,გერმანიის შიდა პოლიტიკის საზოგადოების" ექსპერტის, შტეფან მაისტერის, თვალსაზრისით, პოსტსაბჭოთა პერიოდში არ ყოფილა ასეთი არჩევნები, სადაც ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია არ მონაწილეობდა. პოლიტოლოგი აცხადებს, რომ გარდა ადრე გამოყენებული გაყალბების მეთოდებისა, როგორიცაა მაგალითად, ,,კარუსელი", ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინება, რუსეთის მმართველმა ელიტამ ახალი საშუალებებიც გამოიყენა. ეს არის ადმინისტრაციული რესურსი და დროში გაწელილი კენჭისყრა. გერმანელი ექსპერტების განცხადებით, სამი დღის განმავლობაში ხალხი მიჰყავდათ უბნებზე და აიძულებდნენ, ბიულეტენებზე მათთვის სასარგებლო კანდიდატები შემოეხაზათ.

გერმანელმა საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტებმა რუსეთის ხელისუფლების ქმედებებში დადებითი ნიუანსებიც შენიშნეს, კერძოდ, მათი შეფასებით, პუტინის რეიტინგი ქვეყანაში ძალზე დაეცა, რის გამოც ცდილობენ, რაც შეიძლება, მაღალი შედეგი დაედოთ ამ არჩევნებზე. გარდა ამისა, მოსახლეობა დაიღალა, პუტინის ერა ძალიან დიდხანს გაიწელა, რის გამოც რეჟიმი ნერვიულობს, - ამბობენ ექსპერტები. 

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 19 სექტემბერს დასრულდა. მასში მმართველმა პარტიამ ხმების 45 % აიღო.