"სხვა გამოსავალი არ არის, რეჟიმი დასასანქცირებელია" - სალომე ზურაბიშვილი MEGOBAR აქტზე

06.05.25 14:16
"სხვა გამოსავალი არ არის, რეჟიმი დასასანქცირებელია" - სალომე ზურაბიშვილი MEGOBAR აქტზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტის მიღებას  "მნიშვნელოვანს" უწოდებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ რეჟიმი დასასანქცირებელია და სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს.

მისი თქმით, ამერიკელი მეგობრები კარგად ხედავენ, რომ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელი სწორედ "ქართული ოცნებაა". 

ზურაბიშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია ამერიკელების "ომის პარტიად" და "დიფ სთეითად" მოხსენიება. 

ამერიკაში MEGOBARI აქტის მიღება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვერ ვიტყვი, რომ უნდა გვიხაროდეს დღეს ეს იმის გამო, რომ რეალურად საქართველოს მიმართ არის ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ დასანქცირდებიან ის პირები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამას შევცვლით, როცა რეჟიმს შევცვლით. ეს რეჟიმი დასასანქცირებელია, სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან.

არ შეიძლება საქართველოდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან "ომის პარტიობას", ხან „დიფ სთეითობას“ და ხან რას და ხან რას, ეს არის მიუღებელი! ეს არის ამერიკის, როგორც მეგობრის პასუხი. ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება. ეს არის ჩვენი განაცხადი! დავიბრუნებთ არამხოლოდ ამერიკის მეგობრობას, დავიბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ამ პერიოდში დაიკარგა და ასევე, დავიბრუნებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან და არა იმ ქვეყნებთან, რომლის სია გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ. ასევე, დავიბრუნებთ თავისუფალ ვაჭრობას. ეს არის ჩვენი მომავალი ამ რეჟიმის გარეშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

349 მომხრე, 42- წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო.

აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

 

მსგავსი სიახლეები