კობახიძე MEGOBARI აქტზე: "ტრამპის ადმინისტრაციას Deep State-მა სძლია"

07.05.25 16:20
კობახიძე MEGOBARI აქტზე: "ტრამპის ადმინისტრაციას Deep State-მა სძლია"

 

 

ირაკლი კობახიძე MEGOBARI აქტის დამტკიცების შემდეგ პირველად გამოჩნდა - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ "ტრამპის ადმინისტრაციას Deep State-მა სძლია".

მისი თქმით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ "აბსოლუტურად მტრული აქტი" მიიღო. 

მეტიც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ "ჯო უილსონი არის თავიდან ბოლომდე დიფ სთეითი" 

"სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი და ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა. არ შეიძლება მეგობარი აქტი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული. ეს არის რა თქმა უნდა, მტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და დიფ სთეითს შორის. როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში დიფ სთეითმა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას.ეს ვიხილეთ ჩვენ ამ ორიოდე დღის წინ" - თქვა კობახიძემ

საუბრის ბოლოს "ოცნების" თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი Deep Stat-ს დაამარცხებს. 

მე მინდა გამოვთქვა ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს "დიფ სთეითზე". თუ ტრამპი დამარცხდება "დიფ სთეითთან", ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ბრძოლას.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრამპი გაიმარჯვებს "დიფ სთეითზე". ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, მთავარია, რომ ჩვენ წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში. 
ეს იქნება კონკრეტული ლოკალური მარცხი "დიფ სთეითთან" მიმართებით, მაგრამ მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ სხვანაირად წარიმართება პროცესი" - ამბობს ირაკლი კობახიძე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ 5 მაისს მიიღო.

აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ამასთან, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე  იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს.

სიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და “ოცნების“ პროპაგანდისტები მოხვდნენ.

 

მსგავსი სიახლეები