"ოცნების" თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა არაფერს ცვლის, ვერტიკალის თავში ისევ ივანიშვილია - ოპოზიცია
"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევა არაფერს ცვლის, - ამის შესახებ ოპოზიცია საუბრობს. "ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ვერტიკალის თავში უწინდებურად ივანიშვილი რჩება, ამიტომ არალეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკაში სიახლეები არ იქნება.
არაფერს არ ცვლის ეს ყრილობა, არაფერს ცვლის ახალი თავმჯდომარის არჩევა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ვერტიკალის თავში, ბიძინა ივანიშვილი არის პირდაპირ მიბმული მოსკოვთან და რუსულ სპეცსამსახურებთან, ის მართავს ცენტრალიზებულად მთელ ვერტიკალს. მის შემდეგ რა ხდება ასეთ ჰიპერცენტრალიზებულ სისტემაში საერთოდ არ არის საინტერესო. ამის პარალელურად, ხდება მის ქვევით მთელი ძალაუფლების კონსოლიდაცია კობახიძის ხელში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს მანამ, სანამ ივანიშვილი უცვლელ ადგილას რჩება, - ამბობს დათუნაშვილი.
ამავე აზრს იზიარებს გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილიც.
არაფერი იცვლება. ჩვენ ვხედავთ, უბრალოდ, გადაადგილებას, რომელიც თვისობრივად, არაფერს ცვლის. შეიძლება, შიდა გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები იყოს, მაგრამ პოლიტიკური ღერძი და ვერტიკალი ისევ ისეთი რჩება. ყრილობას ესწრებოდა ივანიშვილი, ჩვენ ვხედავთ, რომ მისი როლი და ფუნქცია ისევ ისეთია, ძალაუფლების წყარო ისევ რჩება ივანიშვილი, ყველაფერი დანარჩენი არის გარკვეული წყობა, რომელსაც, ამ შემთხვევაში, კომფორტს უქმნის ივანიშვილი, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
კოალიცია "ცვლილებისთვის' წევრი ნანა მალაშხია კი ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიაში მსგავსი "განახლებები" მათ რყევებზე მიანიშნებს.
"ქართული ოცნების" დღევანდელი პოლიტსაბჭოს გაახლებული სია ყველაფერია განახლების გარდა. მისი შინაარსი და გზა ისევ იგივეა. ცხადია, რომ სანქციები მუშაობს, ცხადია, რომ წარმომადგენელთა პალატაში მეგობარი აქტის მიღებამ, რბილად რომ ვთქვათ, ააღელვა "ქართული ოცნება". სინამდვილეში, ეს ვითომ განახლება არის იმ რყევების მაჩვენებელი, რომელიც "ქართულ ოცნებაშია". რა გადაადგილებებიც არ უნდა იყოს პოლიტსაბჭოში, ყველაფერზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს ნანა მალაშხია.
რაც შეეხება ენმ-ს, კოალიციის წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ივანიშვილს გუნდს ტყუილად აქვს ილუზია, რომ მეგობარ აქტს აშშ-ს პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს.
ხავსს ეკიდებიან, რომ თითქოს აშშ-ში კვლავ კობახიძის და ივანიშვილის ჭკუაზე გაივლის ვინმე და მეგობარი აქტი არ იქნება მიღებული და ხელმოწერილი პრეზიდენტ ტრამპის მიერ. მაგასაც ძალიან კარგად ნახავენ, როგორც მიიღო კონგრესის ქვედა პალატამ, ისე სენატიც მიიღებს და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, - ამბობს გიორგი ბარამიძე.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
სასტუმრო "პარაგრაფში" მიმდინარე ყრილობას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
კობახიძემ საკუთარ სიტყვაში თქვა, რომ მისთვის ეროვნული მიზანი "გზასაცდენილი თანამოქალაქეების" დაბრუნებაა. ამ ჩამონათვალის ბოლოშია მოქცეული საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება.
მსგავსი სიახლეები
ბრიტანული სანქციები გემს, რომელიც ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა - რა განმარტებას აკეთებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში
გაერთიანებული სამეფოს მიერ 2026 წლის ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებს, რომელთა ფარგლებში სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR (IMO 9291262) საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმიანება.