დაანონსებული პოლიტიკური ამნისტია - უგულავას ახალი ინიციატივა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა, მილენიუმის აქტის შექმნის ინიციატივით გამოდის, რაც პოლიტიკურ საქმეებზე ამნისტიას გულისხმობს. უგულავას თქმით, თუ ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა უნდა, მაშინ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.
მისაღებია მილენიუმის აქტი, რომელიც მოიცავს ამნისტიას 2000 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ანუ 3 ეპოქას, სხვა შემთხვევაში ჩვენ ესე წრეზე ვიტრიალებთ. დღეს დესტაბილიზაციის წყარო ვიღაცისთვის იქნება სააკაშვილის დაბრუნება, ხვალ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და ივანიშვილი გაიქცევა, ივანიშვილის დაბრუნება გახდება დესტაბილიზაციის წყარო და ასე იტრიალებს ერთ წრეზე. ამიტომ აუცილებელია, მილენიუმის აქტის მიღება იმისათვის, რომ ის საქმეები, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელიც პოლიტიკური დევნისთვის და ერთმანეთის დაზიანებისთვის გამოიყენება და რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, წარსულს ჩაბარდეს", - ამბობს გიგი უგულავა.
უგულავას ინციატივას ოპოზიციის ერთი ნაწილი უარყოფითად აფასებს.
შეუძლებელი მგონია ასეთი აქტის მიღება. სანამ ჩვენ თვითონ ჩვენ კონსტიტუციას პატივს არ ვცემთ, ყველას ეხება ეს რიგითი მოქალაქით დაწყებული, სანამ არ ვისწავლით ქვეყნის კანონმდებლობის პატივისცემას, ნუ გვექნება პრეტენზია, რომ განვითარდებით", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური.
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია, მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დევნის თავიდან აცილების გარანტორი დამოუკიდებელი სასამართლო უნდა იყოს და არა პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება.
ერთი ხელის მოსმით გადავწეროთ ისტორია, ეს წარმოუდგენელია, ისევე როგორც დაუსრულებელი შურისძიება. ამიტომ არის მოფიქრებული ყველაზე ცივილური ფორმა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც აზღვევს ესეთ რისკებს და ის არის გარანტი. ასე რომ პოლიტიკურმა გუნდმა შეითავსოს მართლმსაჯულების სისტემა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი სვლა", - ამბობს პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია.