ნოდარ მელაძე: ჯანდაცვის სამინისტრომ დაშავებული ჟურნალისტის თბილისში გადმოყვანაზე კატეგორიული უარი გვითხრა
ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელიც ქვემო ქართლის გადამდგარი ვიცე გუბერნატორის მამის მიერ ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა, TV პირველის მოთხოვნით, "ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში" გადაიყვანეს - არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, დაშავებულ ქალ ჟურნალისტს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევები სჭირდება.
ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ მარიამ მაკასარაშვილს თავის არეში აღენიშნება ძლიერი ტკივილი და სახის არეში აქვს მიყენებული დაზიანება.
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ იცოდა, რომ ადამიანის სიცოცხლე იყო საფრთხეში ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის სისტემის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ უწყებამ დაშავებული ჟურნალისტის თბილისში გადმოყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რის შემდეგაც არხმა მარიამ მაკასარაშვილი ინგოროყვას კლინიკაში თავად გადაიყვანა:
მარიამი ინგოროყვას კლინიკაში შეიყვანეს. ის მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს საჭიროებს, რადგან თავის არეში აღენიშნება ძლიერი ტკივილი და სახის არეში აქვს მიყენებული დაზიანება. აქედან გამომდინარე, სასწრაფოს ექიმებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მას შესაძლოა, ტვინის შერყევა ჰქონდეს. სასწრაფო ამბობდა, რომ უნდა გადაეყვანათ კლინიკა "რუსთავში", რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ.
საერთოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მიდგომა იყო დღეს გამაოგნებელი - ვუთხარით, რომ გადმოეყვანათ თბილისში, "ინგოროყვას კლინიკაში" - კატეგორიული უარი გვითხრეს. გვითხრეს, რომ გადაიყვანდნენ კლინიკა რუსთავში, რაზეც უარი განვაცხადეთ და თავად გადავიყვანეთ ინგოროყვაში. როდესაც შეიძლება იყოს თავის ტრავმა, ჯანდაცვის სამინისტროს საერთოდ ფეხზე კიდია რა იქნება და როგორ იქნება. ასეთი მიდგომა გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროს. დღეს რაც მოხდა, ყველაზე მძიმე არის რეჟიმის დამოკიდებულება მედიის მიმართ..." - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ TV პირველის გადამღებ ჯგუფს გიორგი შინჯიკაშვილის მამა მას შემდეგ დაესხა, რაც ჟურნალისტმა კითხა, შეეწირა თუ არა გიორგი შინჯიკაშვილის პოსტი "ხარებასთან" დაპირისპირებას.
მარიამი იქ ოპერატორთან ერთად პროფესიულ მოვალეობას ასრულდება. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელთან კომუნიკაცია დაასრულა, ის ტერიტორიას ტოვებდა და ამ დროს განხორციელდა თავდასხმა. თავდასხმის ამსახველი 2-წამიანი კადრი ტელეფონით რაც მოასწრო მარიამმა და გადაიღო, გვაქვს - ჩანს პირი, რომელიც ესხმის თავს მარიამს. ამის შემდეგ მან გასტაცა როგორც მობილური ტელეფონი, ასევე გაიტაცა "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა - კამერა.
ამის შემდეგ სოფელში მიდიან დაბურულმინებიანი ავტომობილით ჩვენთვის დაუდგენელი პირები. ეს პირები შედიან საცხოვრებელ სახლში და გამოაქვთ აპარატურა. როგორც მარიამი ყვება, უთხრეს, რომ შენ ხარებაზე აქ კითხვები არ უნდა დაგესვაო.
ამის შემდეგ ჩვენ მასალის გადმოგორების მცდელობა გვქონდა, თუმცა ვერ შევძელით. ახლა ვცდილობთ აღვადგინოთ.
ჩიპის დაფორმატება და წაშლა ორი ღილაკით შეიძლება. შესაძლოა მას არ ჰქონოდა უნარები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც იქ იყვნენ მისულები. ჩვენ ახლაც ვმუშაობთ ჩანაწერის აღდგენაზე. ვეცდებით, მაყურებელს ვუჩვენოთ ეს მასალა". - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ჟურნალისტს იმედი არ აქვს, რომ სპეციალი საგამოძიებო სამსახური მარიამ მაკასარაშვილზე განხირციელებული თავდასხმის ფაქტს გამოიძიებს. ამის არგუმენტად, ნოდარ მელაძე ასახელებს "შაბათის ეთრის" ჟურნალისტზე, მაკა ჩიხლაძეზე განხორციელებული თავდასხმის საქმეს, რომელიც მისი თქმით, კარლო კაციტაძემ თაროზე შემოდო:
საგამოძიებომ გვითხრა, რომ საქმე დაიწყო. ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ კარლო კაციტაძის უწყება გამოძიებას იწყებს. შემდეგ საქმეების კონსერვაციას ახდენს და ალაგებს თაროზე. მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა მოხდა 7 დეკემბერს. დღეს არის 12 მაისი. ამ ხნის განმავლობაში პასუხისგებაში მიცემული ერთი პირი არ არსებობს. ჩვენ როდესაც გვქონდა ბოლო კომუნიკაცია და ვკითხეთ, სად არიან დამნაშავეები, მაშინ გვიხრეს, რომ ექსპერტიზის პასუხებს ელოდებოდნენ. აქ კარლო კაციტაძის უწყებასთან ერთად, კიდევ ორი უწყების პასუხისმგებლობა იკვეთება. ეს არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და პროკურატურა
მარიამ მაკასარაშვილს და "ტვ პირველის" ოპერატორს გიორგი შინჯიკაშვილის მამა დაახლოებით 1 საათის წინ გაუსწორდა.
გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.