ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე დანიშნეს

14.05.25 12:10
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე  დანიშნეს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ეს უკანასკნელი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ბათუმის მერიის განცხადების თანახმად, გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე.

შეგახსენებთ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, 13 მაისს გაავრცელა.

წყარო "პირველებს" გუშინ უყვება, რომ განცხადების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე ჯერ კიდევ მოქმედ მერს "დაურეკეს და უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და ამის შესახებ ფბ პოსტი უნდა დაეწერა".

"პირველების" ინფრომაციით, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერობის თანამდებობა ისე დატოვა, რომ არც თანამშრომლებს დამშვიდობებია.