მძევლების გატაცება იდენტური სცენარით - აფფგან მუხთარლი ბაჩიაშვილს ურჩევს, საქმე ევროსასამართლოში გაასაჩივროს

01.06.25 13:12
მძევლების გატაცება იდენტური სცენარით - აფფგან მუხთარლი ბაჩიაშვილს ურჩევს, საქმე ევროსასამართლოში გაასაჩივროს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გიორგი ბაჩიაშვილს ურჩევს, საქმე ევროსასამართლოში წაიღოს. ჟურნალისტი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისი და ბაჩიაშვილის გატაცებაც იდენტურია და მასში ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები.

ამასთან, მუხთარლი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი აღნიშნულ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში მოიგებს. 

ორივე დანაშაული ჩადენილია სახელმწიფოს მიერ. ყველაზე საშიში ტენდენცია, რასაც ახლა ვუყურებთ, არის ის, რომ ამ გატაცებებში საქართველოს უმაღლესი რანგის პირები იყვნენ ჩართულები. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეებში ჩართული იყვნენ ქართული სპეცსამსახურები. აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველი პირის და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა იყო ჩემს შემთხვევაში... მე ვფიქრობ, რომ ბაჩიაშვილის გატაცება ივანიშვილის გუნდის თანამონაწილეობით მოხდა, - თქვა "პირველებთან" საუბარში აფგან მუხთარლიმ. 

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების  ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს  მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა. 

გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. 

 

მსგავსი სიახლეები