ევროპარლამენტში ივანიშვილის ხელისუფლების დასანქცირებას საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარი ოფიციალურად დაუჭირეს

04.06.25 12:52
ევროპარლამენტში ივანიშვილის ხელისუფლების დასანქცირებას საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარი ოფიციალურად  დაუჭირეს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია ანგარიშის პროექტის თავდაპირველი ვერსია.

ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ "ოცნების" მტკიცების მიუხედავად, რომ ეროინტეგრაციის გზაზე გაცემული 9 რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულა, ფაქტი სხვა რამეს ცხადყოფს. ევროდეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ ქვეყანამ, პირიქით, უკუსვლაც კი განიცადა.

პროექტში საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზეც, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღებამაც განაპირობა. დოკუმენტშ ევროდეპუტატები ასევე მკაცრად გმობენ "მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს“.

„მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას; მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის გამოძიებისკენ და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ;

ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით;

ამასთან დაკავშირებით, მოუწოდებს კომისიას, გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მე-2 მუხლში გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მიმართ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გათვალისწინებით; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და შეთანხმებით მინიჭებული პრივილეგიების პირობითი შეჩერება;

გმობს იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია რეგულარულად ავრცელებენ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ; ხაზს უსვამს იმ როლს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობით და ქვეყნის კონსტიტუციურად დეკლარირებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებით;

შესაბამისად, მოუწოდებს მის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი და მიზნობრივი პერსონალური სანქციების დაწესებისკენ და ევროკავშირში მისი აქტივების გაყინვისკენ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი ქვეყანაში კრიზისის დაძლევის გზად ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩანიშვნას და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მიიჩნევს.