დისკუსიის შეთავაზება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - რა პოზიცია აქვს პროდასავლურ ოპოზიციას
გაიხსნება თუ არა დისკუსია თვითმმართველობის არჩევნების შესახებ და რა ფორმატში? - "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ "ამისთვის ყველაზე კარგი ფორმატი სალომე ზურაბიშვილის ფორმატია, სადაც 4 ბარიერგადალახული მსხვილი კოალიცია უნდა შეიკრიბოს".
სიორიძის თქმით, "ძლიერი საქართველოს" მხრიდან ამ საკითხზე 100-პროცენტიანი მზაობაა.
ჩვენ ვხედავთ დისკუსიის სივრცეს. ჩვენი მიზანი არის, რომ ვიმსჯელოთ მიუხედავად ყველაფრისა. ჩვენ დავუპირისპირებთ ჩვენს არგუმენტებს იქით მხარეს არსებულ არგუმენტებს, რომელსაც პატივს ვცემთ. ამისთვის ყველაზე კარგი ფორმატი სალომე ზურაბიშვილის ფორმატია, სადაც 4 ბარიერგადალახული მსხვილი კოალიცია უნდა შეიკრიბოს. ყველაზე კარგი იქნება საჯარო დისკუსია, ან სამუშაო ფორმატი, რომ იქ ვიმსჯელოთ და შემდეგ საზოგადოებისთვის გახდეს ეს ყველაფერი ცნობილი. ჩვენი მხრიდან მზაობა არის 100-პროცენტიანი.
მგონი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია არის იმის გარანტორი, რომ შეიქმნას პლატფორმა. მისი შეთავაზება იყო ეს, პირველ რიგში, რომ ყველანი დავმსხდარიყავით მის ფორმატში, სადაც სამწუხაროდ, დღევანდელი მოცემულობით, არც გახარიას პარტია არაა, არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც პარტია "ახალი", მიუხედავად იმისა, რომ მათი კოალიციის წევრები, "დროა" და "გირჩი" არიან. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ოთხივე მსხვილი კოალიცია დავსხდეთ ერთად". - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცნობისთვის, "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ გადაცემა "რეაქციაში" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას დისკუსიისკენ და ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.
დისკუსკიაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
"რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ და ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში" - უპასუხა სოციალურ ქსელში ხოშტარიამ მამუკა ხაზარაძის წინადადებას.
დღეს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა "ნაციონალურ მოძრაობაშიც".
ყველა პოლიტიკური აქტორი, რომელიც მოახდენს ნორმალიზებას ივანიშვილის რეჟიმის და ე.წ. არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას იქნება მოღალატე, მათ შორის რუსთველის საპროტესტო აქციების, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდება. ისინი მათ შორის, სიგნალს გაუგზავნიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ შეწყვიტონ სანქცირება და წნეხი ივანიშვილის რეჟიმზე და მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოლიგარქიის გემებში შედის, რომელსაც სურს თავისი მიტაცებული ძალაუფლება დაიკანონოს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.