როგორც ჩანს, კობახიძემ პირად კონტროლზე აიყვანა ბაჩიაშვილის საქმე და ხელქვეითად ოხანაშვილი გააგზავნა - ბოკუჩავა

09.06.25 22:04
როგორც ჩანს, კობახიძემ პირად კონტროლზე აიყვანა ბაჩიაშვილის საქმე და ხელქვეითად ოხანაშვილი გააგზავნა - ბოკუჩავა

ბაჩიაშვილის გატაცების საქმე ივანიშვილის მონაწილეობით იყო დაგეგმილი, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის ჩამოყვანა ირაკლი კობახიძეს პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი, რომელმაც ბოკუჩავას თქმით, აბუ-დაბიში სუს-ის შეფი, ანრი ოხანაშვილი "ხელქვეითად გააგზავნა". 

კადიროვის ჩეჩნეთში არაფერი ხდება კადიროვის გარეშე. ივანიშვილის საქართველოშიც არაფერი ხდება ივანიშვილის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგეგმილია თავად ივანიშვილის მონაწილეობით. ანრი ოხანაშვილი, რომ კობახიძის ხელქვეითია, ეს მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. მათი მუშაობის და მათი ურთიერთობის დინამიკას მრავალი წლის მანძილზე ვუყურებდი საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ პირად კონტროლზე აიყვანა ბაჩიაშვილის საქმე და ხელქვეითად გააგზავნა ანრი ოხანაშვილი". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების  ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს  მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა. 

გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. 

9 ივნისს "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა - ბიზნესმენმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის გატაცებაში სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი პირადად მონაწილოებდა. 

კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა თქვა, რომ ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. 

ბაჩიაშვილის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში. "ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება"- ამბობს ბიზნესმენი.

მსგავსი სიახლეები