მაკა ბოჭორიშვილმა დონალდ ტუსკის განცხადებას "არასწორი" და "არასამართლიანი" უწოდა

12.06.25 14:22
მაკა ბოჭორიშვილმა დონალდ ტუსკის განცხადებას "არასწორი" და "არასამართლიანი" უწოდა

მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ ბრიუსელში [საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების] საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი.

ირაკლი კობახიძის მსგავსად, ბოჭორიშვილიც ირწმუნება, რომ უვიზო რეჟიმის საკითხს "ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ" იყენებენ. 

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

არასწორი და არასამართლიანია ასეთი შეფასება და უვიზო მიმოსვლასთან მსგავსი საკითხების დაკავშირება. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ისიც კარგად ვიცით, რომ ამ თემით ძალიან ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის იმისთვის, რომ ბრიუსელში გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა. ეს ერთგვარად კოორდინირებული მოქმედებებს უფრო ჰგავს პოლონეთის მხრიდან.

ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში და მცდელობები, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამაზე მუშაობს დიდი ხანია ოპოზიცია და თავის დროზე ეს არ გამოუვიდათ.

ჩვენ ვიცით, რომ არ ჰყავს ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი ბრიუსელში, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მით უმეტეს, როდესაც ოპოზიციას არანაირი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის შიგნით. ეს არის ის საკითხები, რასაც იყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტუსკმა 11 ივნისს, პოლონეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებთან ლობირებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. 

 ირაკლი კობახიძემ პოლონეთის  პრემიერის განცხადება "მუქარად და შანტაჟად" შეაფასა. 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პარტიის წევრი, ევროდეპუტატი, კრისტოფ ბრეიზა "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პოლონეთის ნაბიჯი არა საქართველოს მოქალაქეების არამედ "რეჟიმის" წინააღმდეგ არის მიმართული. 

მსგავსი სიახლეები