დღეს რეჟიმმა მათეს მომავალი წაართვა და ივანიშვილს მონური მორჩილება დაუდასტურა - "ძლიერი საქართველო"

12.06.25 19:34
დღეს რეჟიმმა მათეს მომავალი წაართვა და ივანიშვილს მონური მორჩილება დაუდასტურა - "ძლიერი საქართველო"

"რეჟიმის მსახურებმა დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ივანიშვილს მონური მორჩილება" - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველო" მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ მათე დევიძის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

პოლიტიკური გაერთიანება წერს, რომ "დღეს რეჟიმმა მათეს მომავალი წაართვა".

დღეს საქალაქო სასამართლოში რეჟიმის მსახურებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ივანიშვილს მონური მორჩილება და 21 წლის მათე დევიძეს თითქმის 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

მათეს, რომელიც პოლიციელთა ძალადობისგან იცავდა თავს, დღეს რეჟიმმა მომავალი წაართვა.  

ასე იქცევა ავტოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოებასთან ყველანაირი ხიდი ჩატეხილი აქვს და სიცოცხლის უნარი ეწურება. ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ბანდფორმირების კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა, რომელსაც აუცილებლად უმძიმესად მოიმკის.

„ლელო- ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს მათე დევიძეს, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.  

ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყველა ფლანგზე! ივანიშვილის ხელისუფლება რაც შეიძლება მალე დამარცხდეს, რომ ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იყოს!". - წერია განცხადებაში. 

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.

განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები