"მითხრეს, ხელმძღვანელობისგან განსხვავებული აზრის ქონა საჯარო სამსახურთან შეუთავსებელიაო" - საგარეო კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი საჯარო მოხელე ტოვებს - დავით ბაზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 17-წლიანი გამოცდილების შემდეგ, უწყებიდან წამოსვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ "საჯარო სამსახური სახელმწიფო სამსახური აღარ არის".
"როცა საჯაროდ და პირდაპირაც მითხრეს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან განსხვავებული აზრის ქონა შეუთავსებელია საჯარო სამსახურთანო, როცა სიტყვითაც და საქმითაც ფერხდება ევროპული მომავალი, როცა კანონითაც და მისი აღსრულებითაც იზღუდება სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო, ჩემი ადგილი ასეთ „საჯარო სამსახურში“ აღარაა" - აღნიშნავს დავით ბაზერაშვილი.
ვხედავ, მესმის და ვლაპარაკობ კიდეც...
საჯარო პოსტებს არ ვწერ ხოლმე, რადგან მეგობრებმა, შინაურებმა, ჩემმა სტუდენტებმა და კოლეგებმა ისედაც იციან რას ვფიქრობ, სწორედ იმას, რასაც ხმამაღლა ვამბობ საუბრებში და ლექციებზე. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ჩემი საჯარო პოსტი სადღეგრძელოს, ან დამოძღვრას, სულ მცირე, ლექციას დაემსგავსებოდა. ხოდა ვარიდებდი თავს, რადგან არ გამოვა ჩემგან მორალისტი და არც მინდა, გამოვიდეს.
ერთი კია, რომ ცხოვრებაში დგება სიტუაციები, როდესაც მხოლოდ დაკვირვებით ვერ შემოიფარგლები, მხოლოდ ჩუმად საქმის კეთება აღარაა საკმარისი და ხმა უნდა ამოიღო, როცა გაჩუმება არ შეიძლება, როცა დუმილი უფრო მეტი დანაშაულია ვიდრე უსარგებლო ლაპარაკი. იქნებ არ იყოს ეს დაგვიანებული სიტყვა უსარგებლო, იქნებ ვინმეს დაეხმაროს.
მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება, სწავლა-განათლება, დიპლომატისა თუ იურისტის, ექსპერტისა თუ ლექტორის კარიერა საქართველოს, როგორც ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფოს მშენებლობას დავუთმე. მჯეროდა და ახლაც მგონია, რომ საქართველოს ისტორია, მისი ღირსეული შვილები იმსახურებენ თავისუფალ სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოს ევროპულ ოჯახში ვხედავ. 17 წელი წარმატებით ვემსახურე საქართველოს და მის სვლას ევროპისკენ. დღესაც გავაგრძელებდი ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას, რომ არ ვხვდებოდე, რომ საჯარო სამსახური უკვე აღარაა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს და მისი ხალხის სამსახური. ერთ დროს ეს საპატიო საქმიანობა დღეს სამწუხაროდ მხოლოდ სხვის ან საკუთარი თავის მსახურებად გადაიქცა. ზოგადად ცუდი კი არაა საკუთარ თავზე/კარიერაზე ზრუნვა ან სხვისი სამსახური, უბრალოდ, როცა მისი ფასი სახელმწიფო ინტერესებზე და სინდისზე უარია, ეს უკვე სახელმწიფო დიპლომატიური სამსახური აღარაა. როცა საჯაროდ და პირდაპირაც მითხრეს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან განსხვავებული აზრის ქონა შეუთავსებელია საჯარო სამსახურთანო, არადა ძნელია არ მქონდეს განსხვავებული აზრი, როცა სიტყვითაც და საქმითაც ფერხდება ევროპული მომავალი, როცა კანონითაც და მისი აღსრულებითაც იზღუდება სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო, ნებისა და არჩევანის თავისუფლება და როცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ციხეში ამწესებენ, ჩემი ადგილი ასეთ „საჯარო სამსახურში“ აღარაა. ხოდა უარი ვთქვი ასეთ კარიერაზე, უარი ვთქვი იმ ფარსში მონაწილეობაზე, რომელსაც „რეორგანიზაცია“ და „კონკურსი“ დაარქვეს, რადგან ვერ და არ ვთქვი უარი სინდისზე და იმ ღირეულებებზე, რომლებზეც აღვიზარდე, რადგან უარი ვერ ვთქვი საქართველოს სახელმწიფოზე. გული მწყდება, რომ ვეღარ ვაკეთებ იმ საქმეს, რომლის კეთებაც მახარებდა და გამომდიოდა, გული მწყდება, რომ ვერ ვხედავ კოლეგების უმრავლესობის გამბედაობას და სოლიდარობას, მაგრამ ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ შესაძლებელია სახელმწიფო დავკარგოთ.
თუმცა მაინც იმედიანად ვარ, რადგან არც მე ვარ მარტო, განსაცდელი ხომ მის დასაძლევადაა მოგონილი, სისუსტე ხომ დროებითია, ხოდა იქნებ ჩვენც მოვირჩინოთ ეს ჭირი.
გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთი ფილმიდან დაწყებული, დღემდე, ხშირად მესმის ფრაზა - „ეს რა ჭირი გვჭირს?!“ ეს რა ჭირი გვჭირს და კიბო გვჭირს, კიბო გვიანდელ სტადიაში. საბჭოური მენტალიტეტის კიბო, გულგრილობის კიბო, უიმედობისა და გაუტანლობის კიბო, სხვის უბედურებაზე ხეირის კიბო, მედროვეობისა და გამორჩენაზე ცხოვრების კიბო, რომლის ამოკვეთა რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ მეტასტაზები იმდენად მოდებულია სხეულს, რომ ყოველ ჯერზე თავიდან მრავლდება და ჯანსაღი უჯრედების გადაგვარებასაც იწვევს. დასნეულებულმა სხეულმა არ იცის რა არის ნამდვილი მშვიდობა, სოლიდარობა, სამართალი, კეთილდღეობა, თავისუფლება. ჯანმრთელი ადამიანი მოჩვენებით მშვიდობაზე არ ცვლის თავისუფლებას, კეთილდღეობა არ ერევა მომხვეჭელობაში, არ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ თავზე ნებისმიერ ფასად, ესმის, რომ თავადაც ვერ იქნება კარგად თუ მის ირგვლივ სხვას უსამართლოდ ექცევიან, მაგრამ მეტასტაზებს, გადაგვარებულ უჯრედებს ეს არ ესმით, მეტასტაზების ერთადერთი მიზანი თვითგადარჩენა და გამრავლებაა. კიბოს უჯრედისთვის ევროპისგან დამოუკდებლობაა მნიშვნელოვანი, რადგან იცის, რომ ევროპა და მისი ღირებულებების პატივისცემა ის ანტიდოტია, რომელიც მას მოსპობს. მეტასტაზებიც, პარაზიტებიც, სარეველებიც ცოცხალი უჯრედები არიან და თავისებურად მიუყვებიან ბიოლოგიურ ციკლს. ადამიანი, ხომ იმით გამოირჩევა სხვა ცოცხალი არსებისგან, რომ აქვს ღირებულებები, მორალი, სამართალი, სახელმწიფო, სამშობლო, იდეა, ღმერთი, თუ სინდისი, მაგრამ გადაგვარებულ უჯრედს ეს ყველაფერი გადაგვარებული აქვს. მისი ღირებულება - ძალაუფლება და ფულია (თითოეულს თავისი მასშტაბები და გაქანება აქვს), მისი მორალი და სამართალია - თვითონ არ შეწუხდეს, თუნდაც ეს სხვისი უსამართლო ჩაგვრის ხარჯზე მიიღწეოდეს, მას არ სჭირდება სახელმწიფო და სამშობლო - ტერიტორია, სივრცე ჰყოფნის, რომელსაც მოედება და სადაც გამრავლდება, რომელსაც გამოსწოვს სასიცოცხლო რესურსს, მას არ აქვს არც იდეა და არც სინდისი აწუხებს, რადგან მისი ღმერთი კერპია, კაცი და არა ადამიანი. კი, ეს კიბო, რომელიც საქართველოს ხრწნის, ადრეულ სტადიაზე ვერ აღმოვაჩინეთ, მაგრამ სამყაროც არაა ადრეულ სტადიაზე და ამ საუკუნეში კიბო უკვე იკურნება. მთავარია დიაგნოზი გავაცნობიეროთ და დროულად მივიღოთ წამალი ანდა არ შეგვეშინდეს ქირურგიული ჩარევის. ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა ვიზრუნოთ სხეულისა და სულის, სახელმწიფოსა და სინდისის გაჯანსაღებაზე და ეს შესაძლებელია, თუ მოვინდომებთ, ოღონდ თუ მართლა მოვინდომეთ. პირველივე ან მეორე, ან მესამე ცდაზეც თუ არ გამოვიდა, მაინც ხომ ვერ დავნებდებით, ეს ხომ ის შემთხვევაა, როცა დანებება სიცოცხლის (და არა არსებობის) დასასრულს ნიშნავს. მართალი ადამიანისთვის სწორ ქმედებას, ხომ არ აქვს ალტერნატივა, იმისდა მიუხედავად ხედავ თუ არა სასურველ შედეგის გარდაუვალობას?!" - წერს დავით ბაზერაშვილი.