ბოჭორიშვილი ოჯახის წევრები საარჩევნო კომისიებში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყვნენ წარმოდგენილები - სამადაშვილი
კოალიცია "ძლიერი - საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მაკა ბოჭორიშვილს "ნაციონალურ" წარსულს ახსენებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მინისტრი ივანიშვილის გუნდში პორტირებამდე არამხოლოდ ენმ-ის აქტიური მხარდამჭერი იყო, არამედ სამადაშვილის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის ოჯახის წევრები საარჩევნო კომისიებში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყვნენ წარმოდგენილები.
ამასთან, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ წლების წინ, მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილის "პროპაგანდის" საწინააღმდეგოდ მუშაობდა და ივანიშვილის მიერ დაქირავებულ პიარკომპანიებს საქართველოს "გაშავების" საშუალებას არ აძლევდა.
ის 8 წლის მანძილზე მუშაობდა ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. მათ შორის, მისი დიდი თხოვნა იყო, რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო და მისი თხოვნის საფუძველზე შევქმენი შესაძლებლობა, რომ დაბრუნებულიყო და გაეგრძელებინა საქმიანობა საელჩოში. საინტერესოა, რატომ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ დაეტოვებინა დიპლომატიური სამსახური, თუ მას მიაჩნდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ის არა მხოლოდ ასრულებდა ყველა დავალებას, არამედ აქტიური მხარდამჭერი იყო "ნაციონალური მოძრაობის".
თუ არ მეშლება, მისი ოჯახის წევრები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით წარმოდგენილი საარჩევნო კომისიებში. შეიძლება სწორად არ მახსოვს, მაგრამ ასე მახსოვს მე. გამორჩეული მხარდამჭერი იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს. როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობდა, მას ჰყავდა დაქირავებული უამრავი პიარკომპანია, მილიონების იხდიდა ამაში და უბრალოდ ბომბავდა ბრიუსელს ინფორმაციით იმაზე, რომ საქართველოში საშინელი ვითარება იყო. ქალბატონ ბოჭორიშვილს ებარა, რომ ევროპარლამენტში ემუშავა ამ პროპაგანდის საპირწონედ". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ასევე ნახეთ:
- მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობდა - სალომე სამადაშვილი
- "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილს ღირებულებები "შმოტკებში" არ გაუცვლია