ვფიქრობ, ელჩები უნდა გავაძევოთ - ზარქუა
"ქართული ოცნება" დიდი ბრიტანეთის გაფრთხილებას მუქარით პასუხობს - ირაკლი ზარქუა დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ, ელჩების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს.
ზარქუამ დღეს ყურადღება განსაკუთრებით გერმანიის ელჩზე გაამახვილა, რომელიც სამი დღის წინ რუსთაველის გამზირზე მოშიმშილე პოლიტიკოსებთან მივიდა.
შეიძლება დავაყენო საკითხი, რომ გერმანიის ელჩი იქნეს გაძევებული - თქვა ზარქუამ.
ელჩები გახდნენ რადიკალები. მათ შორის ბრიტანეთის. თქვენ ნახეთ, წინასაარჩევნო მონიტორინგს აფინანსებდა რადიკალებს. ან დანარჩენები რომ არიან. მე ვიკითხე კიდეც, ხოშტარიამ კი შეწყვიტა და გედიმ (იმედია) შიმშილობა, მაგრამ ის ხო არ ჩაენაცვლა-თქვა, გერმანიის ელჩი, ფიშერი? ჩვეულებრივი რადიკალი გახდა, ტიპი არის რადიკალი.
ასეთ მოცემულობაში, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რავიცი, შეიძლება, დავაყენო საკითხი, რომ საერთოდ ეს ელჩი იქნეს გაძევებული. იმიტომ რომ ის ქართველ და გერმანელ ხალხთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას კი არ ემსახურება, არამედ ქვეყნების დაპირისპირებას.
მე მგონია, რომ ის ელჩები, ვინც მავნებლობენ, ვინც ენაცვლებიან ამ რადიკალებს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მე ვფიქრობ, რომ უნდა გავაძევოთ", - განაცხადა ზარქუამ.
დიდი ბრიტანეთის გზავნილებს დღეს შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯომარემ გაერთიანებულ სამეფოს ევროპული ღირებულებები დაუწუნა.
არ ვიცი, რისი ბრალია, ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ და ისინი ინგლისურად? არადა, ვხედავთ, რომ ბრიტანეთის ელჩი ქართულს სწავლობს და წესით, რაღაც უნდა ესმოდეს ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ერთს ვამბობთ და ისინი სხვა რაღაცას გვპასუხობენ.
ეს „ცრუ ბრალდებები“ და ა.შ. განათლებული ადამიანები ასეთ დიალოგს არ აწარმოებენ და ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხს.
ხელის აქნევით საუბარი, მუქარით მათ შორის, რომ რაღაც სხვა ზომები იქნება, ვიტყოდი, რომ ეს ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, მაგრამ ევროპული ღირებულებები რომ უკვე აღარ არის საერთო საზომი სტანდარტი სამწუხაროდ ზოგიერთისთვის, ესეც სამწუხარო მოვლენაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ოცნების" ამ მუქარას წინ უძღოდა ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილება, რომელმაც ახალი სანქციები დააანონსა.
დიდი ბრიტანეთი "ოცნებას" აფრთხილებს - განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულთან მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.
საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საგარეოში დაბარებულ "ოცნების" წარმომადგენელს ასევე ესაუბრნენ დაკავებული ოპოზიციის ლიდერების და ქვეყანაში თავისუფალი აზრის დევნის შესახებ და გააფრთხილეს, რომ თუ საქართველო არ დაუბრუნდება "დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას, ბრიტანეთი "არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას"