ოცნება დიპლომატიური სკანდალის ეპიცენტრში - რა დგას ირანისთვის გამოცხადებული სოლიდარობის უკან? (შეფასება)

03.07.25 17:46
ოცნება დიპლომატიური სკანდალის ეპიცენტრში - რა დგას ირანისთვის გამოცხადებული სოლიდარობის უკან?  (შეფასება)

რა დგას ირანისთვის გამოცხადებული სოლიდარობის უკან? - არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი თვლის, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯომარე, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით დასავლეთს პირდაპირ სიგნალს უგზავნის - თუ სად არის "ოცნება".

თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი კრემლისა და კრემლთან ალიანსში მყოფი ლიდერების გარდა არარავის "ეპრანჭება": 

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებები, ნათელი ჯერ კიდევ შარშან იყო, როდესაც ეს ბატონი (ირაკლი კობახიძე) ორჯერ ჩაბრძანა და ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა -  სიამოვნებით ხელებს იფშვნეტდა, როცა "სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკასო" იძახდნენ.

მაგრამ, ის რაც უკვე, თბილისში მოხდა,  აბსოლუტურად ყოველგვარი დიპლომატიური ნორმების დარღვევა, ალიანსების დარღვევაა, დამოკიდებულებების და განწყობების ერთმნიშვნელოვანი დემონსტრირება.

რა თქმა უნდა, ეს არ იყო არც შემთხვევითი ნაბიჯი და არც შეცდომა. ზუსტად იცის რას აკეთებს კობახიძე, მათ შორის, რომ რაღაცნაირად უთხრას დასავლეთს ბიძინამ, რომ როგორც უნდა ისე მოიქცევა.

ეს არ არის სიგნალი ირანისთვის, საერთოდ არ აინტერესებთ ირანი ამ თვალსაზრისით, ეს არის  პირდაპირი სიგნალი დასავლეთისთვის იმის შესახებ, თუ სად არის "ქართული ოცნება", ვის მხარეს დგას, ვის გვერდში დგას.

არავის აღარ ეპრანჭება ბიძინა გარდა კრემლისა და კრემლთან ალიანსში მყოფი ლიდერებისა. ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ მის წინააღმდეგ, მის მიმართ რეაგირება იყოს მკვეთრი და ერთმნიშვნელოვანი," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გუნდს - "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის მიერ ირანის საელჩოში გამოხატული სოლიდარობა "ჰუმანური ჟესტია" და არა პოლიტიკური განაცხადი. 

ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ისრაელთან ურთიერთობაზე უარყოფითად არ აისახება. 

გია ვოლსკის განცხადებით, ამით საგარეო საქმეთა მინისტრს არ გაუკეთებია პოლიტიკური დემარში ისრაელის მიმართ და უნდა შევეგუოთ, რომ გარკვეულწილად შეიძლება "ადამიანს ადამიანური დამოკიდებულება ჰქონდეს". 

სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა არ არის ეს, ეს არის გარკვეული პოზიციის გამოხატვა მსხვერპლის მიმართ. გარკვეული თემები არის, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ალბათ, თუნდაც მუსლიმები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ის ქართველები, რომლებიც ირანში ცხოვრობენ. 

ჩვენ ამითი, სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ გაუკეთებია პოლიტიკური დემარში ისრაელის მიმართ, რომელიც არის ჩვენი მოძმე, ებრაელი ხალხი და სახელმწიფოსთან საკმაოდ კარგი, ახლო და საქმიანი და პოლიტიკური ურთიერთობები გაგვაჩნია. 

უნდა შევეგუოთ, რომ გარკვეულწილად შეიძლება ადამიანს ადამიანური დამოკიდებულება ჰქონდეს მსხვერპლის მიმართ მაგალითად და ეს არ ნიშნავს არანაირ პოლიტიკურ თანხვედრას ირანული საგარეო პოლიტიკის მიმართ," - განაცხადა ვოლსკმა. 

ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, ირანს "ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩომ გავრცელა.  ფაქტს მალევე  ისრაელის საელჩო გამოეხმაურა და მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატა.

ასევე, ჯო უილსონმა დაწერა, რომ "ოცნებას" უყვარს ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია და სძულს ამერიკა". 

სკანდალს საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე საათის წინ გამოეხმაურა -  უწყება წერს, რომ ირანის სალჩომ მაკა ბოჭორიშვილს ოფიციალური ნოტით მიმართა სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ, სადაც ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი.

მსგავსი სიახლეები