ისრაელის საელჩო ბოჭორიშვილის მოადგილის მიერ ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ისრაელის საელჩო "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის მიერ ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ისრაელის საელჩომ "ტვ პირველს" მიწერა.
ასევე, საელჩო წერს, რომ ღრმად იმედგაცრუებულია ალექსანდრე ხვთისიაშვილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვით.
ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო სოლიდარობის ღონისძიებას ირანის საელჩოში, თბილისში.
იმ დროს, როდესაც დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმად იმედგაცრუებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია," - აღნიშნულია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, ირანს "ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩომ გააკეთა.