თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ალექსი ახვლედიანია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარესთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალშია" მოთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შსს-ში ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია, რომ დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტს კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ.
ამასთან, გელაძის უწყება წერს, რომ ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული. დიდი ალბათობით ეს პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი, ალექსი ახვლედიანია.
შსს-ს ცნობით, დაკავებულა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან.
2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული"- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 4 აპრილს დატოვა.
მალევე პოსტი დატოვა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამამ, დავით რიჟვაძემ. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.