რატომ მიაჩნია რეჟიმს, რომ 36 წლის კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა უფრო ნაკლები დანაშაულია? - გიორგი კირთაძე
ნამდვილად სცადა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა - ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია. "ქართული ოცნების" ოპონენტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ სუიციდის მცდელობის შემთხვევაშიც კი პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.
„ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ "რეჟიმმა" ქვეყანაში "კრიმინალურ-მაფიოზური ვითარება შექმნა":
რეჟიმმა ამ ქვეყანაში უმძიმესი ქაოსი, კრიმინალური და მაფიოზური ვითარება შექმნა, რომლის დასასრული მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება, როცა რეჟიმი იქნება ჩამოშლილი - სხვა შემთხვევაში ამ ქაოსის, კრიმინალური ამბების გაჩერება ამ ქვეყანაში წარმოუდგენელია.
მგონია, რომ საქმე, ბევრად უფრო რთულადაა, ასეც რომ იყოს, რატომ მიაჩნია რეჟიმს, რომ 36 წლის ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე ის, რომ თუნდაც მას ვიღაცამ პირდაპირ ესროლა"- თქვა მან.
ამავე თემაზე:
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ: "არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას"
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.