"ალეკო ახვლედიანს ემოციური შოკი აქვს" - ადვოკატი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი, ალექსი ახვლედიანი ადვოკატმა იზოლატორში მოინახულა. ლალი აფციაურის განცხადებით, დაკავებულს ემოციური შოკი აქვს და მასთან საქმის დეტალებთან დაკავშირებით არ უსაუბრია.
ასევე, ადვოკატის განცხადებით, საგარეჯოში დაკავებულ ახვლედიანს ბრალი ჯერ არ აქვს წაყენებული, შესაბამისად, ის საქმის დეტალებს არ გაცნობია. ლალი აფციაურის განმარტებით, სტრესის გამო მასთან საუბარი რთულია.
ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი ბატონ ალექსის და ნახეთ, რომ ხანმოკლე ვიზიტი მქონდა გამომდინარე იქიდან, რომ რთულია ახლა ამ ადამიანთან საუბარი ისეთი სტრესი აქვს მიღებული. ვერ დაველაპარაკე.
ადამიანს ვერ დაველაპარაკე, უმძიმესი სტრესული მდგომარეობა აქვს, ამიტომ კითხვაც ვერ დავუსვი. არაფერი არ მითქვამს, უბრალოდ მოვიკითხე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავეცანი და ხომ არაფერი ესაჭიროებოდა ამ ეტაპზე, რაიმე დახმარება ხომ არ შეიძლებოდა.
დიახ [ემოციური შოკი აქვს]. არ მისაუბრია, მე საქმის მასალები არ მაქვს, ამ ეტაპამდე ალბათ იცით. ჯერ, ვიდრე ბრალს არ წარუდგნენ საქმის მასალებთან არ მაქვს წვდომა. მე გვიან ჩავედი [საგარეჯოში] და უკვე წამოყვანილი ჰყავდათ.
საქმის მასალებზე წვდომა ამ ეტაპზე არ მაქვს, არ გადმომცემია, ბრალი წარდგენილი არ აქვს ადამიანს და აქედან გამომდინარე რა ინფორმაციაც თქვენ იცით, იგივე ვიცი მეც. დიახ [ოჯახმა ჩამრთო საქმეში]," - განაცხადა ადვოკატმა.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დაჭრის საქმეზე იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. მას ჯარიმის დაკისრება ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლით.
დაკავებული ალექსი ახვლედიანი თბილისში ისე გადმოიყვანეს, რომ ადვოკატსაც არ შეატყობინეს.
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ: "არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას"
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.