თავდასხმა ციხის საკანში - უცნობია, სად არის გლდანის ციხის დირექტორი და გამოიკითხა თუ არა ბაჩიაშვილის საქმეზე

14.07.25 17:28
თავდასხმა ციხის საკანში - უცნობია, სად არის გლდანის ციხის დირექტორი და გამოიკითხა თუ არა ბაჩიაშვილის საქმეზე

 

 

ვინ არის დავით გოგობერიშვილი, ვინც გიორგი ბაჩიაშვილს თქმით, მას ბიძინა ივანიშვილისთვის კრიპტო ანგარიშების გახსნას სთხოვდა?

  • გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ორი დღით ადრე, 8 ივლისს N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დაიბარა და "ურჩია" ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა.

ამასთან, ბაჩიაშვილი აღნიშნავს, რომ მისი ცემის შემდეგ სწორედ გოგობერიშვილმა ნახა და უთხრა, რომ კაცი, ვინც გაუსწორდა, ასევე მსჯავრდებული იყო.

N8 დაწესებულების ხელმძღვანელი გლდანის ციხეში მყოფი პატიმრის ბრალდებებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

პენიტენციურ სამსახურს არაფერი უთქვამს მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსზე, ვინმე არჩილზე,  ვისზეც ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მისი ცემის დროს ამ უკანასკნელმა საკნის კარის სარკმელი შეაღო, თუმცა ამ მოძალადის მითითების შემდეგ დაეკეტა სარკმელი. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ გლდანის ციხის თანამშრომლებსაც - ისინი არ პასუხობენ კითხვას, იმყოფება თუ არა დავით გოგობერიშვილი სამსახურში, ან გამოკითხა თუ არა ციხის მაღალჩინოსანი საგამოძიებო უწყებამ. 

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ციხის საკანში ბაჩიაშვილის ცემა ივანიშვილმა შეუკვეთა. 

"დადგება არამხოლოდ ბრძანებების გამცემების, არამედ უკანონო დავალებების შემსრულებლების პასუხისმგებლობის საკითხი "- ამბობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელის ცემის შესახებ იმნფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მიოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.