ექსკლუზივი - დადგენილია ვინ სცემა საკანში გიორგი ბაჩიაშვილი
ექსკლუზივი: "ნოდარ მელაძის შაბათმა" გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. პირი, ვინც 40 წლის ბიზნესმენს საკანში თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა, 28 წლის კახი მეტრეველია.
თავდამსხმელის ვინაობის გაშიფვრა "შაბათის ეთერმა" მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის მიერ ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან მეორე დღეს გამოცემული გაჩინების შესწავლის შემდეგ შეძლო.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 12 ივლისით დათარიღებულ განჩინებაში, მოსამართლე კალატოზიშვილმა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინპექციის მიერ ბაჩიაშვილის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები კანონიერად სცნო. სწორედ ამ დოკუმენტში იპოვეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ის პირი, ვინც ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს თავს დაესხა.
აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი 10 წელია, სასჯელს არაერთი მუხლით იხდის, თუმცა ოჯახი ირწმუნება, რომ ის ქსნის ციხეში იყო მოთავსებული. როგორ აღმოჩნდა სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებიდან გლდანის ციხის იმ საკანში, სადაც ბაჩიაშვილი იყო, ამ კითხვაზე პასუხი არც კახი მეტრეველის დედას აქვს. კახი ალექსანდრეს ძე მეტრეველი ამჟამად მე-18 დაწესებულებაში იმყოფება.
კახი მეტრეველს, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილს ჭრილობები მიაყენა, სასტიკად, გაუსწორდა და დაკბინა, ციხე ოჯახის წევრების თქმით, რამდენიმე კვირაში უნდა დაეტოვებინა, რადგან აგვისტოში მისი პატიმრობის ვადა სრულდება.
ჩნდება კითხვა, რატომ შეუცვალეს ციხე მეტრეველს? ამასთან, ერთი ციხიდან მეორეში მსჯავრდებული ისე გადაიყვანეს, რომ ოჯახისთვის არც კი უცნობებიათ.
ირკვევა, რომ 28 წლის მეტრეველი ციხეში კრიმინალურ სამყაროს დაუხლოვდა და ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ერთ-ერთი კორპუსის ე.წ. მაყურებელი გახდა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - ბაჩიაშვილის მიერ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლისთვის ნაკარნახევ წერილში ვკითხულობთ, რომ მეტრეველს საკანში შესვლისას ჯინსის შარვალი ეცვა. ეს სამოსი კი ციხეში აკრძალულია.
გიორგი ბაჩიაშვილს თავს საკანში 11 ივლისს დაესხნენ.