"რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ" - ელენე ხოშტარია
კოალიცია "ცლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია გმობს კახა კალაძის შეურაცხმყოფელ განცხადებას ევროკავშირის ელჩის მიმართ და ამბობს, რომ "რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი".
"მინდა, ევროკავშირმა იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება აბსოლუტურად არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა ნატოს-ს წვრთნებზე "ოცნების" მაღალჩინოსნების არდასწრებასაც და განაცხადა, რომ "ვინმე ჩიქოვანის არგამოცხადება წვრთნებზე, არ ასახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარების სივრცის ნაწილი".
„კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით მინდა ორ მნიშვნელოვან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გადაწყვეტილებას, მოქმედებას გამოვეხმაურო, რომელიც ერთი მხრივ, ხაზს უსვამს უპრეცედენტო მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მეორეს მხრივ, ხაზს უსვამს ე.წ. მთავრობის რუსულ ბუნებას. პირველი, ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები, რომ საქართველოში ნატო-ს მრავალეროვნული წვრთნები - „მტკიცე სული“ ტარდება, რომლის მიზანია, ჩვენი უსაფრთხოების გამყარება და ჩვენს საფრთხეებზე სწრაფი რეაგირება, საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს წვრთნები ტარდება მიუხედავად იმისა, რომ „რუსული ოცნება“, ე.წ. ხელისუფლება უკვე მესამედ ემიჯნება ნატო-ს წვრთნებს, ემიჯნება და ამ წვრთნების გახსნაზე არ გამოცხადდნენ რუსეთის მსახური ბიუროკრატები, როგორიცაა ირაკლი ჩიქოვანი და ე.წ. გენშტაბის უფროსი. ამის მიუხედავად, ამ წვრთნების ჩატარება ხაზს უსვამს, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების რუსული პოზიციები ვერც ჩვენი უსაფრთხოების და ვერც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვერ შეაჩერებს. მეორე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ევროკავშირის სპეციალური განცხადება, რომელიც პირდაპირ ტყუილში ამხელს „რუსულ ოცნებას“, ისინი პირდაპირ საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის საფრთხეზე, რომელზეც ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმინეთ, „რუსული ოცნება“ რუსული კონსპირაციული თეორიების მსგავსად ავრცელებს სრულ ტყუილებს, რომ ვიღაც რაღაცას გვახვევს თავს, ამ დროს, ჩვენი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებას.
ამასთანვე, მინდა სრულად დავგმო კალაძის, ასევე რუსეთის მსახურის სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი უდიდესი მეგობრის, ევროკავშირის ელჩის მიმართ. საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, ევროკავშირის ელჩის მადლიერია, ჩვენ ვიცით, თუ რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში. „რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ და მინდა ევროკავშირმა იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული და ვინმე ჩიქოვანის არგამოცხადება წვრთნებზე, არ ასახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარების სივრცის ნაწილი“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ევროკავშირი კახა კალაძის განცხადებას, რომ მისი ნება რომ იყოს ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის "ქვეყნიდან გააძევებდა", განცხადებით პასუხობს და საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს "მოერიდონ წამქეზებლურ პირად თავდასხმებს".
ამასთან, ევროკავშირის პრესსპიკერი წერს, რომ პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს.